პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მოთხოვნები კანონის ჩარჩოებს სცილდება.
როგორც კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ადამიანებს აქვთ უფლება პირადი ანგარიშები განკარგონ და ლეგალური შემოსავლებიდან დანახარჯები სურვილისამებრ განახორციელონ ისე, რომ აუდიტის სამსახურს ანგარიში არ ჩააბარონ. შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მოთხოვნა აბსურდულია და კანონის ჩარჩოებიდან არის გასული“-აღნიშნა მან.
მისი თქმით, ყველსთვის ცნობილია, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს სერიოზული სპორტული კარიერა ჰქონდა და ის ოფიციალური მილიონერია. შესაბამისად, მას რაიმე სახის „შავი“ და არალეგალური შემოსავალი არ ჰქონია. მისივე თქმით, იგივე ითქმის ივანიშვილზეც, რომელიც მილიარდერია.
„პირადი ანგარიშების განკარგვის აკრძალვა აუდიტის სამსახურისგან კიდევ ერთი პოლიტიკური ზეწოლის ნათელი მაგალითია“-აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და განმარტა, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ სუბიექტებს, ამ კუთხით ყველაფერი გამჭვირვალედ აქვთ და ეს მათ საბანკო ანგარიშებზეა ასახული.
როგორც კობახიძემ განაცხადა, კოალიციის ან მასში შემავალი პარტიების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვისას, კანონის შესაბამისად, სამი დღის ფარგლებში ინფორმაციას აუდიტის სამსახურს აწვდიან. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, საკუთარ შემოსავალს რას უზამენ, სად წაიღებენ ან რას შეიძენენ, ამის კონტროლი, მისი თქმით, კანონს აუდიტის სამსახურისთვის არ დაუვალებია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილსა და კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა. სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ 2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.

















