რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, საქართველოსთან ომისთვის წინასწარ მზადების შესახებ, დასავლეთის მხრიდან მკვეთრი და განსაკუთრებული რეაქცია არ მოჰყვება.
ამის შესახებ „ნიუსპრესთან“ საუბრისას დღეს ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
„პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთის მხარე დაუფარავად, ღიად და უცერემონიოდ ადასტურებს, რომ ომისთვის ემზადებოდა. საერთო სურათი, რა თქმა უნდა, იქმნება და ალბათ, ეს განცხადებები სადღაც იკრიბება. თუმცა, დასავლეთის მხრიდან განსაკუთრებულ რეაქციას, დარაზმვას ან დემარშს არ ველოდები“ - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, რუსეთის 2008 წლის აგვისტოს აგრესიას საერთაშორისო თანამეგობრობის მყისიერი რეაგირება მოჰყვა, თუმცა, თანამშრომლობის მიზნით „დასავლეთი ძალიან მალე შეტრიალდა რუსეთისკენ“.
„ნატომ სწრაფად აღადგინა თანამშრომლობა, ევროკავშირის ქვეყნებმა განცხადებები გააკეთეს, მაგრამ მათი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო - „რას იზამ, რუსეთი რუსეთია“. ისტორიულად ყოველთვის ასე ხდებოდა“ - აღნიშნა აბაშიძემ.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, დასავლეთის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ის არის, რომ რუსეთის გავლენა მსოფლიოზე დიდია და ამ ფაქტორზე დასავლეთი თვალს ვერ ხუჭავს.
ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგო გეგმა, მასთან შეთანხმებით, რუსეთის გენშტაბმა 2006-2007 წლებში შეიმუშავა და ეს საიდუმლო არ ყოფილა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება უშედეგო საქმე იყო საქართველოს არმიის წინააღმდეგ, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში ისინი უფრო ქმედუნარიანი აღმოჩნდნენ.

















