საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდებს, ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხის წინაშე ნუ დააყენებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში საქართველოს მისამართით გამოთქმული ბრალდებები „აგრესიასთან“ დაკავშირებით, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყნის შიგნით ვითარების დაძაბვის მცდელობაა.
„რუსეთის მხრიდან განცხადებებს წინასაარჩევნო კონტექსტში განვიხილავ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მათი მხრიდან საქართველოში სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა, რუსული მხარის გააქტიურება იქითკენაა მიმართული, რომ საარჩევნოდ ქვეყნის მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი მოახდინოს“ - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე შეფასებით, პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იმის ტირაჟირებას ახდენენ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, არ ესმით, რომ შიდა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად ბრძოლა ქვეყნისთვის, შესაძლოა, დიდი ზიანის მომტანი იყოს.
„ერთ მხარეს არის პოლიტიკური პაექრობა, ხოლო მეორე მხარეს -საქართველოს ეროვნული ინტერესები“ - აცხადებს წიკლაური.
ბოლო დროს, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვრცელდება ინფორმაცია, საქართველოს მხრიდან ახალი „სამხედრო აგრესიისთვის“ მზადების თაობაზე.

















