საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება აღიარება და რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის წინასწარ დაგეგმვის დადასტურებაა.
ვლადიმერ პუტინმა 2008 აგვისტოს ომზე საუბრისას გუშინ აღნიშნა, რომ რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგო გეგმა ჯერ კიდევ 2006-07 წლებში ჰქონდა შემუშავებული, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელების წვრთნა ხორციელდებოდა.
„ეს განცხადება ეწინააღმდეგება რუსეთის ადრეულ პოზიციას იმის შესახებ, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია საქართველოს მოქმედებების საპასუხოდ განხორციელდა და მიზნად "გენოციდის შეჩერებას" და „რუსეთის მოქალაქეების დაცვას" ისახავდა“ - აღნიშნულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, ქართული დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ რუსეთის პირველი პირის განცხადება ადასტურებს საქართველოს მყარ პოზიციას და კონფლიქტის არსის შესაფასებლად მნიშვნელოვანი საფუძველია.
პუტინის განცხადების ფონზე, საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გააგრძელოს რუსეთზე ზეწოლა საქართველოდან საოკუპაციო ძალების გაყვანის მიზნით, ასევე, რათა მან პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები.
პუტინის განცხადებით, „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგო გეგმა, მასთან შეთანხმებით, რუსეთის გენშტაბმა 2006-2007 წლებში შეიმუშავა და ეს საიდუმლო არ ყოფილა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის მილიციელების მომზადება უშედეგო საქმე იყო საქართველოს არმიის წინააღმდეგ, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში ისინი უფრო ქმედუნარიანი აღმოჩნდნენ.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.

















