2008 წლის აგვისტოს ომის ინიციატორმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიარაღებულ რაზმებს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის აღიარების კომენტირებისას, ფოთის ნავსადგურში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, არიან ქართველი პოლიტიკოსები და რუსული ფულით დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც ხალხში გაურკვევლობას და დაბნეულობას თესავენ.
„ისინი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ერთი და იგივე კითხვას სვამენ. მინდა ამ კაცს და მის მონებს მივმართო, თვითონ თქვენმა პატრონმა პუტინმა თქვა, რომ ომი მან დაიწყო და ამით ამაყობს“- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მას კარგად ესმის, თუ რატომ დაგეგმა პუტინმა ჩვენს წინააღმდეგ ომი. მისივე თქმით, რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ საქართველომ 2005-2007 წლებში ყველასთვის მისაბაძი რეფორმები გაატარა.
„მათ ვერ აიტანეს ასლანის გაგდება და მათთვის აჭარის წართმევა. მესმის, რომ ასლან აბაშიძის გაგდებაც არ სიამოვნებს ბევრს. შეიძლება თვალში არ მოგდიოდეს და არ მოგწონდეს არც მთავრობა და არც სააკაშვილი, მაგრამ წყალსაც წავუღივართ მეც და ყველაც. განსხვავება არ
უნდა იყოს პუტინსა და თქვენს შორის? თქვენ ხომ ქართველები ხართ“ - მიმართა პრეზიდენტმა პოლიტიკურ ოპონენტებს და აღნიშნა, რომ არ შეიძლება გაურკვევლობა იყოს იმაში თუ ვინ დაბომბა ქართული სოფლები.
პრეზიდენტის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს თავი იმისთვის არ გაუწრავთ, რომ ვიღაცამ საქართველოს წარსულში დაბრუნებისკენ მოუწოდოს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტომდე რუსეთს „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგოდ გეგმა შემუშავებული ჰქონდა, რომლის ფარგლებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციელთა მომზადება ხდებოდა. მისი თქმით, გეგმა 2006-07 წლებში გენშტაბის მიერ, მასთან შეთანხმებით შემუშავდა. მისივე განცხადებით, საქართველოს მხრიდან ომისთვის მზადებისა და ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ, ცნობილი ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გახდა.

















