„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი
, ზაურ დარგალი წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას მერობის კანდიდატმა მხარდაჭერისა და ნდობისთვის მადლობა გადაიხადა.
„ჩემო მეგობრებო, მარნეული არის ჩვენი საერთო სახლი. მარნეული არის ჩვენი ოჯახი და მე როგორც ამ ოჯახის შვილი გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენი საერთო სახლი მარნეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ლამაზი და უფრო განვითარებული“ - განაცხადა ზაურ დარგალმა.
როგორც საუბრისას მან აღნიშნა, მისი მიზანი ძლიერი სოფლის აშენებაა და ეს პროცესი სწორედ მარნეულიდან დაიწყება.
„ჩვენ მოვალთ ყველა ოჯახში. ჩვენ მოვალთ ყველა სოფელში და თქვენთან ერთად, თქვენი უშუალო ჩართულობით ავაშენებთ უფრო ძლიერ მარნეულს, ავაშენებთ უფრო ძლიერ სოფელს და ძლიერი სოფლის იდეა, ძლიერი სოფლის მიზანი, რომელიც გააჩნია ჩვენს გუნდს, ჩვენ დავიწყებთ აქედან, ჩვენ დავიწყებთ ერთად, მერნეულიდან“ - აღნიშნა მარნეულის მერობის კანდიდატმა.
მერობის კანდიდატი მოსახლეობას მიმდინარე პროექტების დასრულებასა და ახლის მშენებლობას დაპირდა.
„იმ პროექტებს, რომელიც წლებია ხორციელდება, ჩვენ მივუდგებით უფრო დიდი ტემპებით. უფრო ძლიერად, ერთად და ერთად დგომით გავაგრძელებთ ამ ყველაფერს. მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენი ოჯახის წევრი.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩემი მშობლიური მხარე, სადაც დავიბადე , სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, სადაც იზრდება ჩემი ორი გოგო 4წლის და 2 წლის, დენიზი და ადა. თქვენს ბავშვებთან ერთად დადიან ბაღში ,რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.
მან მადლიერება გამოხატა მმართველი პარტიისადმი, რომ მიეცა საშუალება, უშუალოდ ჩაერთოს რაიონის მშენებლობის პროცესში.
მარნეულის მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხლაშვილი.

















