საქართველო სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციას შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი იმ გემებსა და საჰაერო ხომალდებს შეამოწმებს, რომლებიც სირიისთვის იარაღის მიწოდებაში იქნებიან ეჭვმიტანილი.
სანქციის თანახმად, სირიელ ფიზიკური და იურიდიული პირების დიდ რაოდენობას ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. ევროკავშირის „შავ სიაში“ სირიის 52 კომპანია და 155 მოქალაქე მოხვდა. ევროპაში მათი აქტივები გაიყინება.
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სირიისთვის შეირაღების მიწოდების კუთხით ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება 23 ივლისს მიიღეს.
საქართველოსთან ერთად, აღნიშნულ სანქციას დღეს მხარი ხორვატიამ, მაკედონიამ, ჩერნოგორიამ, ისლანდიამ, სერბეთმა, ალბანეთმა, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ და მოლდოვამ დაუჭირეს.
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ქეთრინ ეშტონმა საქართველოს და დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც ამ სანქციას შეუერთდნენ, მადლობა გადაუხადა.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი.

















