ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)“ 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.
DCFTA გულისხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, გასულ კვირას, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც 2014-2018 წლებში ასოცირების შეთანხმებით გაწეული პროგრესი დადებითად შეფასდა.
კომიტეტის სხდომაზე, მთავრობის წარმომადგენელმა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ეს ეხება საქონლით ვაჭრობას, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიული ზომებს, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერებს, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვას, სახელმწიფო შესყიდვებს, ტელეკომუნიკაციებს, კონკურენციას, ვაჭრობასა და მდგრად განვითარებას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, გრძელდება რეგიონალური სამუშაო შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც კერძო სექტორთან ერთად ხდება იმ შესაძლებლობების და წარმატებების განხილვა რომელიც მათ გააჩნიათ.
მთავრობის წარმომადგენელმა ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა.
გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში 2018 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც მისი შეფასებით, ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა.
მომხსენებელმა, ვაჭრობაში არსებულ ტექნიკური ბარიერებზე, სტანდარტიზაციაზე, მეტროლოგიაზე, აკრედიტაციასა და შესაბამისობის შეფასებაზე ისაუბრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია რიგი ტექნიკური რეგლამენტების მიღება, რომელიც ეხება პოტენციურად ფეთქებად გარემოში გამოსაყენებელ მოწყობილობებსა და დამცავ სისტემებს; რადიო დანადგარებსა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებს და მათი შესაბამისობის ორმხრივ აღიარებას; სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი ნივთიერებების იდენტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემის დაფუძნებას; ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობებს; სათამაშოების უსაფრთხოებას და ა. შ.
მომხსენებელმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაზე და აკრედიტირებული სამედიცინო ლაბორატორიების აღიარებაზე ისაუბრა.
გენადი არველაძემ გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან.
თავრობის წარმომადგენელმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ვებგვერდზეც ისაუბრა, რომელიც DCFTA-სთან დაკავშირებულ ყველა საკითხს მოიცავს და რომლის მიზანია, დაინტერესებული პირების ინფორმირება - DCFTA-ით გათვალისწინებული სარგებლის, შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ; DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე; გრანტებისა და სხვა ფინანსური დახმარებების პროექტების თაობაზე. ასევე, ქართველი ექსპორტიორების ინფორმირება ევროკავშირის ბაზარზე ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

















