ყველა წინსვლის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში
არსებული გამოწვევების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეთნიკური დისკრიმინაციის გზით, რუსეთი ცდილობს სრულად წაშალოს ქართული იდენტობა, მაგრამ ეს არ მოხდება.
"ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ამ ინიციატივით ვცდილობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.
რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან,” - განაცხადა ბახტაძემ.

















