აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი ბარამიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში
დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიჭები რუსეთის აგრესიას შეეწირნენ, სამწუხაროდ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ ბობოქრობს მტერი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გმირების მსხვერპლი მომავალში საქართველოს გამთლიანების საწინდარი გახდება და ქართული სული როგორც აფხაზეთში ისე ცხინვალის რეგიონში აღორძინდება“-განაცხადა ბარამიამ.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 27 სამხედროა დაკრძალული.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

















