„ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა რუსეთის ფედერაციაში ამერიკის საელჩოს მიერ აფხაზეთისა და ცვინვალის რეგიონის
მოსახლეობაზე ვიზების თავისუფალი გაცემის ფაქტს გმობს.
როგორც გუგავამ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში მოქმედმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა ორი გეოპოლიტიკური ვეშაპის - ამერიკისა და რუსეთის სათარეშო კოლონიურ არეალად აქცია.
მისი თქმით, აღნიშნული იმპერიები არა მარტო ქართველთა სისხლის ხარჯზე იკმაყოფილებენ სტრატეგიულ ინტერესებს, არამედ, მისივე თქმით, საქართველოს დასაშლელად გარიგებასაც ახერხებენ.
„ამის მაგალითია რუსეთის ფერედერაციაში ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე რუსული პასპორტებით ვიზების პრაქტიკულად თავისუფალი გაცემა. საფუძველად კი, თურმე სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციაა მითითებული“ - განაცხადა გუგავამ.
გუგავას თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ ამგვარ პრეცედენტს გმობს, რომელიც ფაქტიურად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოდან გამოყოფას ამჯერად უკვე სააკაშვილის მეგობარი ვაშინგტონის მხრიდანაც აკანონებს.
მისივე განცხადებით, „ლეიბორისტები“ შეერთებული შტატების მთავრობას პროტესტს უცხადებენ.

















