პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები დავით გამყრელიძე, ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ეპიცენტრს, გორს
ეწვივნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც 4 წლის წინ, რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი სახლები დაბომბა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელსაც მხვერპლი არა მარტო სამხედროებში, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაშიც მოჰყვა. ეს ძალიან ცხადად უნდა გვახსოვდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს“ - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავს მოვლენებს ადგილი არ ექნება, თუ რუსეთი ან ნებისმიერი მტრულად განწყობილი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დასაყრდენს ვერ იპოვის.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

















