რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების დარღვევით
განახორციელეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ხუთდღიან ომს საქართველოს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, ათიათასობით ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.
„საქართველოს მთავრობამ, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით, კრიზისულ სიტუაციაში იძულებით გადაადგილებული პირების ჰუმანიტარული დახმარებით და თავშესაფრით, მოკლე ხანში კი, საცხოვრებლით უზრუნველყოფა შეძლო. სამინისტრო იძულებით გადაადგილებული ადამიანების საკუთარ მიწა-წყალზე მათ უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებამდე ზრუნვას განაგრძობს“ - ნათქვამია განცხადებაში.

















