2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთ-საქართველოს შორის 200-წლიანი ომის ერთ-ერთი ეპიზოდია. ეს განცხადება „ეროვნულ-დემოკრატიული
პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
„რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობა წაართვას და ქვეყანამ უარი თქვას საგარეო პოლიტიკზე, რადგან თუ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია, ის არ არის დამოუკიდებელი“ - განაცხადა ქარდავამ და აქვე დასძინა, რომ შესაძლოა იყო ხელისუფლების ოპოზიცია, მაგრამ ქვეყნის ოპოზიციაში ყოფნა არ შეიძლება.
მისივე შეფასებით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

















