საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მუხათგვერდის ძმათა
სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო.
ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ძმათა სასაფლაოზე, დაშვებული დროშების ფონზე სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და დაღუპულთა ოჯახის წევრები.
სასაფლაოზე შეკრებილებმა დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული 27 სამხედროა დაკრძალული.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.

















