საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავთან
დაკავშირებით, პარლამენტში სხდომას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ განუცხადა, სხდომაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით შეფასებითი განცხადება გაკეთდება.
გარდა ამისა, სხდომაზე პროექტ „ოკუპაციის“ ფარგლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმების ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია შედგება.
„რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე ქართულ და რუსულ ენაზე 17 დოკუმეტური ფილმია გადაღებული, რომელიც უკვე ინგლისურ ენაზე გახმოვანდა“ - აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, პროექტ „ოკუპაციის“ ფარგლებში გადაღებულ დოკუმენტური ფილმები ინტერნეტში რუსულ ენაზე 20 ათასამა ადმიანმა ნახა.
დღესვე, მალაშხია სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები ჩაატარა კომისიამ 2011 წლის 8 აგვისტოდან 2012 წლის 8 აგვისტომდე.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, 25 სექტემბრის მდგომარეობით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 26 000 ადამიანი დევნილი გახდა.
იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

















