საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთს გამარჯვებულად არ თვლის.
როგორც სააკაშვილმა გორის სამხედრო აკადემიაში
სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სანამ ჩვენს მიწაზე, გორიდან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტები დგანან, ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ ეს ომი მოიგო.
მისი თქმით, მეოცე საუკუნეში რუსეთი რამდენიმე ქვეყანაში იმავე მიზნით შეიჭრა, როგორითაც საქართველოში შემოიჭრა.
„დამპყრობელი ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის ასაღებად არ შემოსულა. მას 2008 წლის ომში სამი სტრატეგიული ამოცანა ჰქონდა და ეს ღიად ჰქონდა გაცხადებული. პირველი ამოცანა საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს დემოკრატიული წყობილების შეცვლა და ლიდერების განადგურება იყო, მაგრამ მათ ეს რა თქმა უნდა ვერ მოახერხეს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს ასე, რომ რუსეთი ამ ომში გამარჯვებული არ არის.
სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, რუსეთის მეორე ამოცანა საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შეცვლა იყო, თუმცა, მან ვერც ეს მოახერხა.
„მესამე სტრატეგიული ამოცანა ნატო-ს გაფართოების შეჩერება იყო, რადგან ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. მათი მიზანი ჩვენი ევროინტეგრაციის შეჩერება იყო, თუმცა, ახლა ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან, ასოცირების ხელშეკრულებასთან, უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან“ - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ როგორც ალიანსის ბოლო სამიტზე გამოცხადდა შემდეგი სამიტი გაფართოების სამიტი იქნება და საქართველო საყოველთაო კონსენსუსით ნატო-ში გაწევრიანების ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნება.
„რუსეთმა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, ავღანეთის, აღმოსავლეთ პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების და 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, 2008 წელს საქართველოს მთავრობას ერთადერთი დაუბომბავი გზა თბილისის აეროპორტისკენ დაუტოვა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 1921 წლისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობამ ქართველ მებრძოლებთან ერთად, წინააღმდეგობის გაწევის გზა აირჩია. ამიტომ, რუსეთმა საქართველოს გატეხვა ვერც ენერგეტიკული და ეკონომიკური ემბარგოთი და ვერც პროვოკაციებით შეძლო და ბოლოს, მისივე თქმით, ვერც პირდაპირმა თავდასხმამ მოუტანა შედეგი.

















