საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის მოუშუშებელი ტკივილია.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს საღამოს გორის სამხედრო აკადემიაში ჯარისკაცებისა და დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს ისტორია თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლით არის დაწერილი და 2008 წლის 7 აგვისტოს ქართულ მატიანეს კიდევ ერთი ასეთი ფურცელი შეემატა. დღეს ყველანი გორში, ერთ დროს მიწასთან გასწორებულ და ახლა უკვე აღდგენილ სამხედრო აკადემიაში შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ გმირებს. დღევანდელი დღე უკანასკნელი და უახლესია საქართველოს ისტორიის შავბნელ დღეებს შორის“-განაცხადა სააკაშვილმა.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდება. ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

















