ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი როგორც კვალიფიციური ისე არაკვალიფიციური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების პროცედურა დასრულდა.
წილისყრაში არ მონაწილეობდნენ
ნომრები - 5, 7 და 10 რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „კონსერვატიულმა პარტიამ“ და „ქრისტიან დემოკრატიულმა მოძრაობამ დაიტოვეს. ამ სუბიექტებმა წინა საპარლამენტო არჩევნებში სამი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ ნომრების დატოვების უფლება ჰქონდათ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა წილისყრის შემდეგ განაცხადა, ნუმერაცია მიენიჭა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვინც კომისიაში რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა.
მისივე თქმით, დღეისთვის ცესკო-ში დარეგისტრირებულია 19 პარტია, 21 კი, რეგისტრაციის პროცესშია. ამ ეტაპისთვის ერთ პარტიას - „სოციალ-დემოკრატებს“ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
ხარატიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას მისთვის მინიჭებული ნომერი გაუქმდება.
რაც შეეხება პარტიების საარჩევნო ბლოკებად ჩამოყალიბების პროცესს, ხარატიშვილის თქმით, ბლოკებად დასარეგისტრირებლად განაცხადების შეტანა 19 აგვისტოს დასრულდება, ხოლო მათი რეგისტრაციის პროცესი 25 აგვისტოს დამთავრდება.

















