საქართველოში წინასაარჩევნო დაპირებების უმეტესობა დღემდე შეუსრულებელია.
განცხადება ამის შესახებ ალიანსი „ეკონომიკური
სამართლიანობისა და ბიზნესის თავისუფლებისთვის“ წევრებმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთეს, 2003 წლიდან დღემდე საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ძალების მიერ წარმოდგენილი პროგრამების ანალიზზე დაყრდნობით.
მათი თქმით, კვლევამ ცხადყო, რომ საარჩევნო დაპირებები „ხშირად ცარიელი ბელეტრისტიკაა“.
ალიანსის წარმომადგენელმა ნოდარ ჭიჭინაძემ აქცენტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პროგრამებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროგრამით „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“ მმართველი გუნდი ამომრჩეველს ბიზნესის დაწყების გამარტივებას და სიღარიბის დაძლევას პირდებოდა, თუმცა, ჭიჭინაძის თქმით, სინამდვილეში, ადგილი ჰქონდა ბიზნესის შევიწროებას, ბიზნესმენთა დევნას და ქონების უკანონოდ ჩამორთმევას.
„ამავე პროგრამით „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს მდგრადი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას და კრედიტების გაიაფებას პირდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, თითქმის, 50 თვე გავიდა და საქართველო კრედიტების სიძვირით მსოფლიოში მერვე ადგილზეა, ბიზნესის დასაწყები სესხის ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.
წარსულის პროგრამების მონიტორინგის გარდა, ალიანსმა მმართველი პარტიის ახალი საარჩევნო პროგრამის „მეტი სარგებელი ხალხს“ რეალურობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მასში არაერთი უტოპიური პუნქტია, მათ შორის, 4 წლის განმავლობაში 273 000 სამუშაო ადგილის შექმნის დაპირება, ტურისტთა რაოდენობის 7 მილიონამდე გაზრდა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.
აღინიშნა, რომ ალიანსი წინასაარჩევნო დაპირებების მონიტორინგს გააგრძელებს და შედეგებს ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

















