საქართველო დაღუპულ გმირებს და მშვიდობიან მოსახლეობას იხსენებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
დავით ბაქრაძე დღეს, გორის რაიონის სოფელ ერგნეთის პოლიციის საგუშაგოზე.
ბაქრაძე ერგნეთში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმდებარე ქართულ სოფლებს იცავენ.
მისი თქმით, რუსეთი ბოლო 200 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს ებრძვის და ამ ბრძოლის მიზანი სამჯერ პირდაპირი აგრესიის და დამოუკიდებლობის გაუქმების მცდელობა იყო.
„საოკუპაციო ხაზი, რომელიც აქედან რამდენიმე მეტრშია არა მხოლოდ საქართველოს მიწაზე, არამედ ყველა ქართველის გულზე გადის. ამიტომ, ამ კედლის დანგრევისთვის ბრძოლა ყველა ქართველის ამოცანა უნდა იყოს“ - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა და იმ სამართალდამცავებს, რომლებიც რუსული აგრესიის პირველივე დღიდან ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს იცავენ, მადლობა გადაუხადა.
ბაქრაძემ სთხოვა ყველას - კოლეგას თუ ოპონენტს, იდაონ ნებისმიერ თემაზე, ხელისუფლება გააკრიტიკონ ნებისმიერ საკითხზე, გალანძღონ კიდეც, მაგრამ ნუ გალანძღავენ ქვეყანას და ნუ გაქელავენ დაღუპული მებრძოლების ღირსებას.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, ომს რუსეთის მხრიდან მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ათი ათასობით ადამიანი დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.
პრეზიდენტის განკარგულებით, 7 და 8 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. დროშა დღეს ერგნეთის საგუშაოზეც დაუშვეს.

















