2015 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკება იუსტიციის სამინისტროსა და „Eurojust“-ს შორის ევროკავშირის
იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ წარმატებით დასრულდა − საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმება 29 მარტს გაფორმდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გენერალურმა პროკურორმა და ევროჯასტის პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელს ჰააგაში მოაწერეს. ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა იუსტიციის მინისტრს პირადად გადაუხადა მადლობა ევროჯასთისა და საქართველოს დაახლოების მიზნით გაწეული სამუშაოსთვის.
„Eurojust“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სააგენტოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე პროკურორების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
შეთანხმების გაფორმების მიზნით „Eurojust“-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმართავდა და ხელმძღვანელობდა. პროცესის წარმატებით დასრულებისათვის არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის − უმაღლეს დონეზე.
საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.
სააგენტოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ინტენსიურ ფაზაში გადაიყვანს ევროკავშირის მართლმსაჯულების სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობას და შექმნის დამატებით ინსტრუმენტს დანაშაულთან, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლისათვის. ევროჯასტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო − ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ტრანსნაციონალურ დანაშაულთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.

















