„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან
და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას პარლემენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი გაიზიარებს ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან და ამის შემდეგ, დასკვნა მომზადდება.
„ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა, საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. შედგება მათი ვიზიტი 1-2 აპრილს და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან საუბარი და მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ მომზადდება უკვე საბოლოოდ დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გადავდეთ ორი კვირით, მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს იმის საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ სათანადოდ მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

















