პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მომხდარი ძალადობის ფაქტების სრულყოფილად შესწავლას და მათ ობიექტურ შეფასებას სთხოვს.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კოალიცია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითადი პრინციპებისადმი.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ საარჩევნო პროცესში ძალადობრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებების. ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, კოალიცია უპირობოდ შეუერთდა არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ 17 პუნქტიან დოკუმენტს და აიღო ვალდებულება მასში მოცემული ქცევის წესების დაცვასთან დაკავშირებით“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერის თქმით, შეშფოთებას იწვევს მმართველი პარტიის მიერ ქცევის წესების სისტემეტური დარღვევა.
„მივმართავთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ სრულყოფილად შეისწავლონ მმართველი პარტიის მომხრეთა მხრიდან მომდინარე ძალადობის ფაქტები და ობიექტური შეფასება მისცენ მომხდარს“-აცხადებს ფანჯიკიძე.
მისივე თქმით, კოალიცია მზად არის აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებისთვის.

















