პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მოუწოდებს აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით სრული დუმილი გამოაცხადოს და
ამით მაინც მოინანიოს ის ქმედებები, რის გამოც ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდა. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა.
ამასთან, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ 7 და 8 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ მასშტაბური ღონისძიებები არ დაუგეგმავს, თუმცა, შტაბები მუშაობას არ წყვეტენ.
„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში სრული დუმილი გამოაცხადოს და ამით მაინც მოინანიოს ის უგუნური მოქმედებები, რის გამოც ქვეყანას თავზე დიდი უბედურება დაატყდა“-აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით კოალიცია აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.

















