შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შპს „ბურჯის“ მიმართ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,
აღსრულების ეროვნული ბიურო შპს „ბურჯის“ მიმართ მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებების ფარგლებში, ავტომანქანების ტრანსპორტირებას აწარმოებდა, რა დროსაც „ბურჯის" ცალკეულმა თანამშრომლებმა და ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ამ პროცესს ხელი შეუშალეს.
„საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო კანონიერების დაცვა და ავტომობილების ტრანსპორტირება. სააღსრულებო ღონისძიებებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“-ნათქვამია განცხადებაში.
შპს „ბურჯში“ აღასრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები გუშინ შევიდნენ. ბიუროს განმარტებით, სააღსრულებო სამუშაოების მიზანი „ბურჯის“ გაყიდული ქონების ახალი მეპატრონისთვის გადასაცემად მომზადებაა.
2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513 ლარად გაიყიდა. როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, ქონების მყიდველის ვინაობა მის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი. აუქციონზე გატანილი იყო ბურჯის უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 10 307 663 ლარს შეადგენდა, საწყისი ფასი კი - 5 153 831 ლარი იყო.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
თავად შპს ბურჯის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს აღსრულების უფლების დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ და წინააღმდეგობაც აქედან გამომდინარე გაუწიეს.

















