„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, მმართველი პარტია დღეს და ხვალ უცხო ქვეყნის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება 7 და 8 აგვისტოს შეაჩეროს საარჩევნო კამპანია, მათ შორის, ტელევიზიებში სარეკლამო რგოლების გაშვება, საარჩევნო ბუკლეტების დარიგება და მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრები. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენი გმირების ხსოვნისთვის პატივის მიგებით უნდა იყოს დაკავებული“ - აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მაჭავარიანმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა და სთხოვა მიბაძონ მათ მაგალითს და 7 და 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერონ.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი სრულდება, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოყვა. ათიათასობით ადამიანი კი, დევნილი გახდა. იმავე წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ ოფიციალურად აღიარა.

















