საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატი-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბახტაძემ ალიანსის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა, ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
"საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. ბატონი გენერალური მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის გვერდითაა. ასევე ვაფასებთ, რომ გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში დაესწრება საქართველო-ნატოს სწავლებას, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყანას.
ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს მისწაფებას, რომ გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მოგეხსენებათ, ჩვენ ახალ კონსტიტუციაშიც გავაკეთეთ ჩანაწერი ამ პრიორიტეტის შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის შეუქცევადი და მტკიცე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

















