"ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ცდილობდა პარლამენტში გამოსვლა პიარისთვის გამოეყენებინა.
"მან დროის თვალსაზრისით ისეთი პერიოდი აირჩია, რომ სწორედ მისი სიტყვა ყოფილიყო ყველაზე ყურებადი, შემდეგ კი, დებატებისთვის მოსახლეობას ნაკლებად გამოეჩინა ინტერესი",- აცხადებს ნაჭყებია.
მისი შეფასებით, წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი დებატები საზეიმო ელემენტებისგან შედარებით დაცლილი იყო, თუმცა, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება ცდილობდა შოუს ელემენტები მაინც შეეტანათ.
"მე არ მომეწონა პრეზიდენტის მიმართვის ფორმა ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი. ის, რაც მან ჯონდი ბარათურიას მისამართით თქვა, არანაირ ეთიკაში არ ჯდება,"- აღნიშნა მანანა ნაჭყებიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა მთავარ კითხვას - აპირებს თუ არა იგი პრემიერ-მინისტრობას, თავი აარიდა.
"ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ხელისუფლებას ასეთი გამოსვლების დროს მუდმივად აქვს 5 წლიანი, 5 პუნქტიანი და გრძელვადიანი გეგმები, მაგრამ არც ერთი ასეთი გეგმა ბოლომდე მიყვანილი არ გვინახავს" - განაცხადა ნაჭყებიამ.

















