პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კალანდაძე დღეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასკანაში არაერთი ოჯახი უმწეობის სტატუსის მინიჭებას და სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფას საჭიროებს, ადგილობრივი ხელისუფლება მათი თხოვნით არ ინტერესდება. კალანდაძის თქმით, შესაბამისი სამსახურები უმწეობის სტატუსის მინიჭების მთხოვნელთა განცხადებების განხილვისთვისაც კი ვერ იცლიან.
„ასეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, ეს უძველესი სოფელი დაცლის პირასაა. ახალგაზრდები სამუშაოს საძებრად თურქეთში გადაიხვეწნენ, ხოლო ისინი, ვინც სოფელში დარჩნენ, ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები. ასკანა ამ ხელისუფლების სოციალური უპასუხისმგებლობის ტიპური ნიმუშია" - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ასკანის მოსახლეობას ტყეში შეშის და ფიჩხის შეგროვების უფლებასაც არ აძლევს.

















