საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბანგლადეშის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან,
აბულ ჰასან მაჰმუდ ალისთან შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები მომოიხილეს, დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და ბანგლადეშის თანამშრომლობა. საუბარი შეეხო აგრეთვე გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეფორმების დღის წესრიგზე, იმ საერთაშორისო აღიარებაზე, რაც ქვეყანას აქვს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ხაზზე, მინისტრმა კოლეგას გააცნო ამ მიმართულებით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დასაახლოებლად და ხალხთაშორისი კონტაქტების გასააქტიურებლად. დავით ზალკალიანმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ბანგლადეშის მხარეს წარუდგინა გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) პრეზიდენტობის საქართველოს კანდიდატი დავით კირვალიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დავით კირვალიძის პროფესიონალიზმს და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგრამული პრიორიტეტები, რაც ემსახურება ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდას და მისი საქმიანობის კონცენტრირებას წევრი ქვეყნების საჭიროებებზე. დავით კირვალიძემ ბანგლადეშის მხარეს მოკლედ გააცნო მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის განვითარების და საქმიანობის ხედვები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას სტუმრობს, სადაც მონაწილეობს ბუენოს-აირესში მიმდინარე გაეროს მარალი დონის კონფერენციაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა“.

















