პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზესტაფონის საკრებულოს წევრის კახა შავგულიძის განცხადებით, რაიონის მუნიციპალიტეტის
ყველა სტრუქტურა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის მუშაობაშია ჩართული, რაშიც სახელისუფლებო - ადმინისტრაციული რესურსი იხარჯება. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოს მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები მმართველი პარტიის პიარ-კამპანიაზეა მორგებული.
ამასთან, შავგულიძე ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური პაკეტების დაკნინებასა და ბიუჯეტის სახსრების უკანონო ხარჯვაში ადანაშაულებს.
„ზესტაფონის საკრებული ბუტაფორიაა. „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსად მოაზრებული საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურში ხშირად არ ცხადდება. მისი აღვირახსნილობა და არაკოლეგიალობა იმდენად გასცდა კანონის და ეთიკის ნორმებს, რომ 1 აგვისტოს, დაჩქარებული წესით, საკრებულოს წევრების შეუტყობინებლად ჩაატარა საკრებულოს სხდომა ბიუჯეტში ცვლილებების თაობაზე, პასუხად კი გვითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და საჭიროდ არ მიაჩნია საკრებულოს წევრების ინფორმირება“ - აღნიშნა შავგულიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმართველობაში შექმნილი ადმინისტრაციული კოლაფსის შესახებ არასამთავრობო სექტორის, უცხოელი დამკვირვებლებისა და მედია - მონიტორინგის სამსახურების ინფორმირება.

















