„არ უნდა მივცეთ არავის რევანშის საშუალება და არ უნდა მივცეთ იმ პოლიტიკური შტურმის განხორციელების საშუალება
, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის ავტორობით მომზადებულ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.
უმრავლესობის სახელით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა წარმართულ სამუშაო პროცესსა და იმ პრინციპებზე, რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა კანონპროექტი. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.
„თავის დროზე, როცა ვამზადებდით კონსტიტუციას, სამ რამეში არ გავიზიარეთ ევროსაბჭოს რეკომენდაციები. პირველი - ეს იყო პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს ფორმირებაში. გახსოვთ, რომ მთელი დისკუსია დაგვჭირდა ვენეციის კომისიასთან ამასთან დაკავშირებით, და მათ შორის, კონტექსტის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს უნდა დარჩენოდა როლი უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესში. მეორე - ეს იყო ორი მესამედით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესება. ევროსაბჭოს რეკომენდაციაა ზოგადად, რომ მოსამართლე წევრების როლი უნდა იყოს გამოკვეთილი იუსტიციის საბჭოში, შესაბამისად, არა მოსამართლე წევრებს არ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ 9 არის მოსამართლე წევრი იუსტიციის საბჭოში, გამოდის ისე, რომ თუ ერთი არა მოსამართლე წევრი წავა წინააღმდეგი, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება იბლოკება. აქაც ჩვენ წავედით, რეალურად, კონტექსტის გათვალისწინებით ევროსაბჭოს ზოგადი რეკომენდაციების წინააღმდეგ და ჩვენ გადავავადეთ უვადო განწესების წესი, რამდენიმე წლით, 2024 წლის ბოლომდე. ამ სამ რამეში არ გავიზიარეთ ჩვენ ევროსაბჭოს რეკომენდაციები და როგორც გაირკვა, საზოგადოება ჩვენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ამასთან დაკავშირებით. თუმცა, ამის იქით, რა თქმა უნდა, რაიმე ფორმით მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შეზღუდვა არის გაუმართლებელი. კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს და ეფუძნება კიდეც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონტექსტზეც და აღნიშნა, რომ დეკემბერში წარმოდგენილი მოსამართლეთა ათკაციან სიასთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოების გარკვეული სეგმენტის ობიექტური კრიტიკა გაითვალისწინა და პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერაზე დაიწყო მუშაობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს იყო მმართველი გუნდის პოლიტიკური ნება. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ათკაციანი სიის წარდგენისას, საბჭომ ქვეყანაში წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით იხელმძღვანელა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, პროცედურას კონსტიტუცია აწესრიგებს, რომელიც კონსტიტუციურ ძალაუფლებას ორ ორგანოს - საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს. მისივე თქმით, კანონპროექტი სწორედ ამ ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში უნდა მომზადდეს.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ოპონენტებსაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არცერთ ქვეყანაში დადგენილი არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, აშკარად ჩანს ოპონენტების შიში კვალიფიკაციის კრიტერიუმის მიმართ და სწორედ ამას ეფუძნება მათი მოთხოვნა გამოცდის ამოღების შესახებ. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები გაიზიარა და „ კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტის საკითხი მთლიანად არის გათვალისწინებული“.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე და მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეეცადა, ყველა ის რეკომენდაცია გაეთვალისწინებინა, რომელიც კონსტიტუციის ჩარჩოებში თავსდებოდა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტის მეორე მოსმენამდე იქნება წარმოდგენილი და იმ შემთხვევაში თუ ვენეციის კომისია რეკომენდაციების წარმოდგენას ამ ვადაში ვერ მოასწრებს, მმართველი გუნდი მზადაა, საკითხის განხილვა კიდევ 2 კვირით გადაწიოს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ოპონენტების მხრიდან იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და ჩანს, თუ ვის მიერ არის ორკესტრირებული მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემაში დრამატული ცვლილებები განხორციელდა და ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება.
„ჩვენ ამ მონაპოვარს, ბუნებრივია, უნდა გავუფრთხილდეთ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის რევანში სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც თავის დროზე, ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლებას. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო, ზურაბ ადეიშვილი როგორ აკონტროლებდა სრულად სასამართლო ხელისუფლებას და როგორ იყო სასამართლო ხელისუფლება ბიზნესის რეკეტის, ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფის ერთერთი უმთავრესი ინსტრუმენტი“,- განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის შემოთავაზებები, რომლებიც ოპოზიციამ პარლამენტში წარმოადგინა, საუკეთესო ინსტრუმენტია მართლმსაჯულების დამორჩილებისთვის.
მისივე თქმით, ხშირად ისმის ტერმინი „კლანი“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, კლანი იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში.
„გიორგი პაპუაშვილი იყო კლანის ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთერთ კოლეგიაში და ამ კოლეგიას აწერდა ყველა საქმეს, რაც იყო პოლიტიკურად სენსიტიური. იყო ნამდვილი კლანი ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. მაშინ განიხილებოდა, 2016 წელს პარლამენტში კანონი, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ კვორუმი გაიზარდა საქმეთა გადაწყვეტის და გახსოვთ, რომ რიგი იდგა ე.წ. ენჯეოების, ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების, იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა შეეტანა სარჩელი და ვის უნდა გაეკრიტიკებინა შესაბამისი ინიციატივა. მხოლოდ და მხოლოდ კვორუმის გაზრდაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კლანი თუ სადმე არის, თუ რეალურად არის სადმე კლანი, იმ კლანის დასაცავად ეს არის ხოლმე ნაცმოძრაობის ნარჩენი კლანები, იმ კლანების დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა და იმავდროულად, შეუძლებელი იყო პერსონალური ცვლილებების განხორციელება, რადგან მმართველი გუნდი კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებდა.
„მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, ეს იყო რეალურად იძულებითი გადაწყვეტილებაც, რომ არსებული კორპუსის პირობებში გაჯანსაღებულიყო სისტემა და რეალურად, ეს მიზანი იქნა მიღწეული.
აქ ხშირად ხდება ხოლმე არასწორად ციტირება. სიტყვებსაც კი ამახინჯებენ, თითქოს, ვიღაცეები იყვნენ ცუდები და გახდნენ კარგები. თითქოს ასეთი რამ ითქვა. ჩემზე არის, ამ შემთხვევაში, საუბარი. საუბარია უმარტივეს რამეზე, რაც არის კლასიკა. კონკრეტულ სისტემაში ადამიანების ქცევა შეიძლება იყოს განსაზღვრული ერთი სახით და მეორე სისტემაში შეიძლება იყოს განსაზღვრული სხვა სახით. აქ არის ზუსტად ამის მაგალითი მოცემული. იმ სტატისტიკით დასტურდება ის, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. შეუძლებელი იყო სისტემის ცვლილება, პერსონალური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე რაიმე არსებითი ცვლილების შეტანა, თუმცა სისტემა გაჯანსაღდა არსებითად და ზუსტად ამის დასტურია სტატისტიკა, რომლის დაგვირგვინება არის ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ბუნებრივია, საბოლოო ამოცანა, ადამიანის უფლებების დაცვა. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ემსახურება ერთადერთ რამეს-თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ეს სტატისტიკა არ არის მშრალი ციფრები და რიცხვები. ამ სტატისტიკის უკან დგას ათი ათასობით ადამიანი, რომლის უფლებები არის დღეს სათანადოდ დაცული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მიერ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

















