საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი,
რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენონ.
მოისწრაფიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ახალი ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა, სწორედ ასეთი ფორმატი შემუშავება მიაჩნია პრეზიდენტს სწორად.
„გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით, ყველა მაღალი ტრიბუნა გამოყენებული უნდა იყოს სწორედ ამ ფორმით და ამ თემისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. თავად საქართველოს პრეზიდენტი ყველა შეხვედრას იწყებს ამ თემაზე საუბრით. სწორედ მაშინ, როდესაც მოხდა ეს დანაშაულებრივი ფაქტი, უმძიმესი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე, სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრით დაიწყო პრეზიდენტმა შეხვედრა 18 მარტს საქართველოში ჩინეთის ელჩთანაც.
„ეს არის გამოსავალი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი ვთქვით სამხედრო დაპირისპირებაზე, პოლიტიკური დიალოგი ამ შემთხვევაში, არის ერთადერთი გამოსავალი,ოღონდ ეს პოლიტიკური დიალოგი უნდა იმართებოდეს მუდმივად, პერმანენტულად ყვვლა ტრიბუნის გამოყენებით“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ახალ ფორმატზე მუშაობა დაწყებულია, თუმცა შემდეგ ეტაპზე განისაზღვრება, რა უფრო მნიშვნელოვანი და მომგებიანი იქნება ამ ფორმატის თვალსაზრისით.
„ამ ეტაპზე, არ შემიძლია, გითხრათ ვინ იქნებიან ამ ფორმატში“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ხომ არ იქნება აღნიშნული ფორმატი ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა, ხატია მოისწრაფიშვილი პასუხობს, რომ ეს არაფრის ალტერნატივა იქნება.

















