"საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, განსახილველად წარმოდგენილია მნიშვნელოვანი
, მოცულობითი საკითხი - "საქართველოს ტყის კოდექსი" და მისგან გამომდინარე 22 კანონპროექტი. ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება, რომ ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის და რაციონალურ გამოყენების ხელშეწყობა მოხდეს. ასევე, გვაქვს ვალდებულება სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღოს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყით ვაჭრობის თაობაზეც. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 233-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც ტყის მდგრად მართვას და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას ეხება", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი, პირველი მოსმენით განსახილველად ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარმოადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური ჭრა ეტაპობრივად ჩანაცვლდება უშუალოდ მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ხე-ტყით, როგორც ეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია.
ასევე, პროექტის თანახმად, ახლებურად რეგულირდება ტყით სარგებლობის საკითხები. შესაძლებელი იქნება ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ტყე თავისი არსით დაიყოფა კატეგორიებად - იქნება სხვადასხვა კატეგორიების ტყე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ერთ-ერთი პრინციპული საკითხი რაც ახალ კოდექსითაა გათვალისწინებული არის ის, რომ ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა აღარ იქნება გათვალისწინებული.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებითა და მართვის ძირითადი მიზნების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დაცული ტყე;
ბ) დაცვითი ტყე;
გ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყე;
დ) სამეურნეო ტყე.
"თითოეულ მათგანს დაცულობის მაღალი ხარისხი აქვს მინიჭებული", - აღნიშნა მომხსენებელმა. მისი თქმით, კანონი არის საკმაოდ მოცულობითი, ახლებურად რეგულირდება სისტემა და მიზანშეწონილი იქნება მისი ეტაპობრივი იმპლემენტაცია.
"კანონპროექტი მიღებისთანავე არ ითვალისწინებს სოციალური ჭრის გაუქმების შესაძლებლობას, ამიტომ ვფიქრობთ რომ საპილოტე პროექტების განხორიცელების პარალელურად, შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ეტაპობრივად სოციალური ჭრის ნაცვლად მეურნეობებით ჩავანაცვლოთ ის არსებული პრაქტიკა რაც გვაქვს", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, თანმდევ კანონპროექტებში ხორციელდება ტექნიკური ცვლილებები, რაც გულისხმობს ტყის კოდექსის პრინციპების ასახვას იმ კანონმდებლობაში სადაც ამ დრომდე ძველი ტყის კოდექსის პრინციპები იყო გათვალისწინებული.
ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება და გათვალისწინებულია მათი სოციალური დაცვის გარანტიები. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტის სხვა ძირითადი პრინციპებიც გააცნო, რის შემდეგაც მათ კითხვებს უპასუხა.
მომხსენებელმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
კომიტეტის წევრს გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მეტი დროა საჭირო იმისთვის, რომ ეს კანონი უფრო მეტად დაიხვეწოს.
კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოითქვა კომიტეტის სხვა წევრების მიერ. მომხსენებელმა, სხდომაზე დეპუტატების მიერ გამოთქმული რიგი რეკომენდაციები და წინადადებები გაიზიარა.
სწორედ, ამ შენიშვნების გათვალისწინებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

















