საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონიამ შეხვედრა
გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტთან, გენერალ ჰამილტონ მოურაოსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებული როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლოდ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ბრაზილიურ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური რეჟიმების შესახებ, რაც ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს ბრაზილიურ კომპანიებს განახორციელონ ბრაზილიური პროდუქციის ექსპორტი შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში.
საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის თვალსაზრისით, განიხილეს ვენესუელაში არსებული კრიზისული მდგომარეობა.
ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახალი ადმინსტრაციის პირობებში არის უფრო მეტი საშუალება თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, გამოითქვა სურვილი და მოსაზრება, ბრაზილიასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის, რაც ურთიერთ სარგებლიანი შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.
საუბრის დასასრულს, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას და გამოთქვა სურვილი, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს.

















