კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართულ აქციაზე ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ისაუბრა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლება სიმართლეს უპირისპირდება და ყველგან ტყუილს თესავს, რადგან ტყუილი და ცილისწამება მისი ყველაზე საყვარელი იარაღია. კოალიციის ლიდერის თქმით, მას ხელისუფლება საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაში ადანაშაულებს, თუმცა თავის ქმედებით, საბჭოთა კავშირს მოქმედი ხელისუფლება უფრო ჰგავს.
„დამაბრალეს, რომ მე თურმე საბჭოთა კავშირი მენატრება. მე კარგად მახსოვს საბჭოთა კავშირი, რომელიც საყოველთაო ტყულის იმპერია იყო. ეს იყო მექრთამეობის და დახლს ქვემოთ გადანახული სინდისის ქვეყანა. ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრება მხოლოდ გაიძვერობას მოჰქონდა. საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვთარებასაც სწორედ ეს აბრკოლებს“- განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ტყული და ფარისევლობა იყო საბჭოეთის იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ.
ივანიშვილის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს.
„დააკვირდით სააკაშვილს, მის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა კავშირთან. სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან, მეტი საქმე არამაქვს, ეს ქვეყანა ვინეს გადავაბარო და დავანგრევინოო. მე არ ვიცი არცერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა თქმას, რომ არსად არ აპირებს წასვლას, არ აპირებს ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი სხვა ამის მთქმელი ხელისუფელება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების იდეოლოგია თავისი წინაპარივით, ტყუილზეა აგებული, ხოლო საბჭოური მექრთამეობა ელიტური კორუფციითაა ჩანაცვლებული.
„აი ასეთი ხელისუფლება მდებს მე ბრალს საბჭოეთის ნოსტალგიაში. არც ეს ტყული გაუვათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი წარმატება სწორედ იმან განაპირობა, რომ საბჭოეთს მოეღო ბოლო. ჩვენ დავასრულებთ საქართველოში საბჭოეთის, უსამართლობის, უნამუსობის და ტყულის ეპოქას“- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება მას ასევე, რუსეთის საქართველოში შემოყვანის მცდელობაში ადანაშაულებს, თუმცა ივანიშვილის განმარტებით, რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა
„ეს ხელიუსფლება იმაშიც მდებს ბრალს, რომ მე თითქოს რუსეთის შემოყვანა მინდა. ამას გაჰკივიან მის მიერ დაგეშილი ადამიანები, მაგრამ სწორედ ამხელისუფლების მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი უგუნური მოქმედებით შემოიყვანა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და ეს რომ ასეა, ამის მოწმე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, იქ მდგარი რუსული ჯარი და ასობით დაკარგული ქართული სოფელი გახლავთ“- განაცხადა ივანიშვილმა.