"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) პრეზიდენტს არასრულწლოვანის უფლებების უხეშ შელახვაში ადანაშაულებს.
ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, გუშინ პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია.
"ხულიგნობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, ხოლო პირის დამნაშავედ ცნობის უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია. პირი დამნაშავედ ითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ"- განმარტავენ საიაში.
მათივე თქმით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით აღიარებული უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა და არასრულწლოვნის უფლებები უხეშად შეილახა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული,სადაც მის ინტერესებს საია დაიცავს.
მიხეილ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან შინაგანაწესის უხეში დარღვევის მოტივით, გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს.

















