თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მეტროსადგურ "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ
კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამუშაოების არსებული ფორმით წარმოება კატეგორიულად მიუღებელია.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ფორმით, ამ დიზაინით სამუშაოების წარმოება პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამას ნახავს, კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა კალაძემ.
მერმა თანამშრომლებს მიმართა, სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად იმუშავონ ამ თემაზე და მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოამზადონ პროექტი, რომ რაც შეიძლება მალე განახლდეს სამუშაოები.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხზე ყველა მთავრობის სხდომაზე გვიწევს საუბარი, რომ საჭიროა განახლება-მოწესრიგება, რათა ტრანსპორტი იყოს კომფორტული და სწრაფი. თუმცა, ამას გარდა ასევე აუცილებელია მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია. არსებული მგომარეობა არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. ის, რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ყველა არსებული პროექტი გადასახედია, რამდენადაც არანაირად მისაღები არ არის", - განაცხადა კახა კალაძემ.

















