პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლებისთვის გადაადგილების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მურმან დუმბაძემ განუცხადა, ბათუმში აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აქციაზე მოსახლეობის ჩამოსვლის ხელის შესაშლელად, აჭარის რეგიონში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა დაკეტიალია.
„დღეს დილიდან ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობა დაკეტილია, რომ აქციაზე ჩამოსვლის მსურველებმა ტრანსპორტით გადაადგილება ვერ შესძლონ, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ბათუმის მიმართულებით მოძრავი მიკოროავტობუსების რაოდენობა აჭარის სხვა რაიონებიდან“ - აღნიშნა დუმბაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ ბათუმის აქციაზე ხალხი არ მივიდეს, „ქართული ოცნებაში“ დარწმუნებულები არინ, რომ ანბანის კოშკთან დაგეგმილი აქცია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება.
დუმბაძის ინფორმაციით, აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებიდან ჩავლენ, თუმცა „ქართული ოცნება“ მოსახლების მიყვანის ორგანიზებას არ მოახდენს.
აქცია ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩვენო აქციები უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთში, მცხეთაში და გორში.

















