პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში დღეს გაიმართება.
ღონისძიება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საოცრებათა მოედანზეა“ დაგეგმილი.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმის აქციაზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელიან.
„დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანების თავმოყრა ბათუმში ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ამ შეკრებაზე მოსვლას აჭარის რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გეგმავს. ეს იქნება რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე“-განუცხადა „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში - მურმან დუმბაძემ.
მისივე თქმით, აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებიდან ჩავლენ.
აქცია ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ივანიშვილი მხარდამჭერებს პროგრამას გააცნობს.
„ქართული ოცნების“ ანალოგიური აქციები საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიმართა.

















