„ღია დემოკრატიის კომიტეტი“, რომელიც ბოლო სამი თვეა საქართველოში არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებას აწარმოებს, საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბრის დასახელებას მიესალმება.
როგორც „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან მეფორდი აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომიტეტი და სხვა დამკვირვებლები არჩევნების მონიტორინგისთვის მოიწვია, რაც მისი შეფასებით, მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღის დაკვირვება.
„ამ ბოლო დროს ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს მომავალმა ცოტაოდენ დაგვაფიქრა. როდესაც რუსეთის მიერ ტერიტორიის 20% ოკუპირებულია დემოკრატიულობის შესახებ ყოველგვარი ეჭვი დაუშვებელია“ - განაცხადა ბრაიან მეფორდმა.
მისი თქმით, ეკონომიკური კეთილდღეობა, უსაფრთხოება და განვითარებული ქვეყნის პრესტიჟული სტატუსი ნატო-ში გაწევრიანებას მოაქვს.
მეფორდის შეფასებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა სახელმწიფო ქცევის ფუნდამენტური ნაწილია.
„არჩევნები არის ტესტი და თან გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ნატო სისასტიკეს და კორუფციულ საარჩევნო ქმედებებს არ დაუშვებს, რადგან ასეთი ქვეყნები სახიფათო მოკავშირეები არიან“ - განაცხადა მეფორდმა.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრობა, ოკუპაციის საკითხის მოგვარება და ეკონომიკური კეთილდღეობა აღნიშნული არჩევნების დროს რისკის ქვეშ დგება.
„საქართველოსთვის შედეგების თვალსაზრისით, შესაძლოა, ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები იყოს ამ საუკუნეში. მართალია, გვინდა დავინახოთ საქართველოს კეთილდღეობა, მაგრამ ჩვენ მიუკერძოებლები ვართ“- აცხადებს ბრაიან მეფორდი.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება.

















