საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსებისთვის ხელისუფლების გადაბარებას არ გეგმავს.
ამის შესახებ მან დღეს აჭარაში, კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში არსებობენ წარსულის პოლიტიკოსები, რომლებიც ახალ აღმშენებლობას „მუმიფიცირებული ხელებით ეპოტინებებიან“ და ურცხვად აცხადებენ, რომ ძველი დრო ჯობდა; ასევე, პოლიტოკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ახალი კურორტები მთის დამახინჯებაა, ახალი გზები კი - ავთენტურობის შეურაცხყოფა.
მისივე განცხადებით, არსებობს ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ უნდა დააბრუნონ ძველი, კურომპირებული მოხელეები და ძველებური ცხოვრების წესი და ქვეყანა იმპერიულ კონტროლის დაუქვემდებარონ, რადგან იქ უფრო კომფორულად გრძნობდნენ თავს.
„გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ჩვენ უკან არ დავბრუნდებით, რადგან წასასვლელი აღარსად გვაქვს. საქართველო და აჭარა იმოძრავებს მხოლოდ წინ, უკეთესი მომავლისკენ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავსახეთ“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან ცოტა ხნის წინ მოუსმინა ერთ-ერთ პოლიტიკოსს, რომელიც აცხადებდა, მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ახლა მათი წასვლის დროაო.
„მეტი საქმე არა მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბაროთ და დაგანგრევინოთ“-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ყველაფრის დანგრევა ძნელია, თუმცა, ეს ხალხი ნგრევის ისეთი სპეციალისტი და ექსპერტია, ამას მოახერხებს.
„მაგათ რომ ჩვენი 50-სართულიანი ცათამბჯენები ჩაუგდო ხელში, შეიძლება, ორ თვეში აღარაფერი დარჩეს იქიდან“-განაცხადა სააკაშვილმა.

















