მიმდინარე წლის 1-2 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა უკრაინის საგარეო
საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდისა და "ბუმბურასის ფონდის" მიერ ორგანიზებულ "ოდესის დებატებში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა.
მინისტრის მოადგილე კონფერენციის გახსნით პანელზე "რეგიონული სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის" სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მზარდ მილიტარიზაციაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და რეგიონში არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელოვან როლს რეგიონში მსხვილი სატრანსპორტო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პანელში ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა, ბულგარეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა და ევროკომისიიდან უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ვაგნერმა მიიღეს მონაწილეობა.

















