საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე, სახელმწიფოს ლიდერებმა
ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

















