გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური
წარმომადგენელი ვენესუელის საკითხზე, ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.
ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა:
„სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, და ასევე უკრაინის ტერიტორია - ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით“ - განაცხადა ელიოტ აბრამსმა.
მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ, ხოლო, რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.

















