საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შეხვედრების შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია
გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ შესაძლებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.
„გასულ საუკუნეში და ახლაც ერთად შევძელით განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტები, ეს არის ის ნიშანი, რითაც შევდივართ მსოფლიოში.
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. ეხლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა მოვნახოთ ასეთივე გამაერთიანებელი მასშტაბური პროექტი, ეს სატრანსპორტო კორიდორი ძალიან მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება მოგვცეს ის ღერძი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკუთვნოდა.
დღევანდელ მსოფლიოში ტრანსპორტი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებაა.
ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აზიის, ჩინეთის და ევროპის გაერთიანება და ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე. ამ გზის ყველა საშუალება ჯერ არ არის განვითარებული და ეს ჩვენზეა დამოკიდებული. თქვენ ახსენეთ ის პროექტები, რასაც აზერბაიჯანი აკეთებს კასპიის ზღვაზე და უნდა მივესალმო კასპიის ზღვაზე მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ განვითარდეს ყველანაირი ტრანსპორტი ამ ზღვაზე.
ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის დახმარებით, ვმუშაობთ იმაზე, რომ შავ ზღვას მიეცეს შესაძლებლობები, რომ სატრანსპორტო დარგის მიმართულებები განვითრდეს რუმინეთს, ბულგარეთს და ქართულ პორტებს შორის და ასევე განვითარდეს საქართველოს ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკა.
ეს არის ახალი პროექტი, სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ევროკავშირის დახმარებით და ინვესტიციებით განვითარდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ აზერბაიჯანთან ერთად გამოვიყენოთ ის საშუალება, რომელიც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ მოგვცა
ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც სამეზობლო პოლიტიკის და ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციაზე სავარაუდოდ, ტრანსპორტის საკითხი ცენტრალური თემა იქნება, სადაც შეგვიძლია ჩვენ წარვადგინოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ ჩვენი ერთობლივი დელეგაცია ჩინეთს ეწვიოს და იქ წარადგინოს ეს ხედვა.
ყველა ეს ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დღეს არსებული პოტენციალი რეალობად და სერიოზულ პერსპექტივად იქცეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

















