საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს
სესიის ფარგლებში, ფიჯის პრემიერ-მინისტრთან, ფრანკ ბაინიმარამასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის წყნარი ოკეანის აუზის ქვეყენებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა ფიჯის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ურთიერთობას წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმთან, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ისეთი გლობალური საკითხების განსახილველად და გამოცდილების გაზიარების კუთხით, როგორიც არის კლიმატის ცვლილებები, კარგი მმართველობა და ა.შ.
საგარეო უწყების ცნობით, ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა მიმდინარე წლის მარტში ქვეყნებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა აღნიშნეს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საქართველოსა და ფიჯის ყველა კატეგორიის პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფიჯის პრემიერი საქართველოში მიიწვია. ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომლის შედეგადაც ფიჯელი სტუდენტები უმაღლეს განათლებას საქართველოში იღებენ.
საუბარი შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ამ მხრივ ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დღისწესრიგში არსებით მნიშვნელობას, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას “თანამშრომლობა საქართველოსთან”, რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ ვითარებას ასახავს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა რაგბიში ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი შედეგები აღნიშნეს და ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წელს ფიჯიში დაგეგმილ შერკინებაში წარმატება უსურვეს.

















