საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ ნინუა სკაიპით კვიპროსის რესპუბლიკაში
ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ჩაერთო.
„ამგვარი პირადი კომუნიკაცია აუცილებელია და ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებამდე კარგად იქნას მიტანილი ყველა ის სიკეთე და პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მიხეილ ნინუას თქმით, საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში მთელ რიგ დიასპორულ პროექტებს ახორციელებს.
ამ კუთხით, მიხეილ ნინუამ განსაკუთრებული ყურადღება მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამა „დანერგე მომავალზე“ გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც უკვე ათასამდე პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, ამ პროგრამის წარმატება სწორედ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობის შედეგია.
„მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის განვითარებაში“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს ცნობით, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მიხეილ ნინუამ 2019 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 500 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ დისაპორული ორგანიზაციების, არამედ უცხოეთში მცხოვრები ფიზიკური პირების პროექტებისა და იდეების დაფინანსებას მოხმარდება. პროექტები კომისიური განხილვის შედეგად შეირჩევა და პრიორიტეტები დიასპორული პროფილების მიხედვით განისაზღვრება.
დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას საზაფხულო ბანაკების ორგანიზება წარმოადგენდა. მინისტრის მოადგილის თქმით, საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ბავშვების სამშობლოში ინტეგრაციაა. ამასთან, მოზარდები დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას შეიძენენ, გაიცნობენ ახალ მეგობრებს, დაისვენებენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდებიან ოჯახს.
მინისტრის მოადგილემ მშობლიური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მშობლიური ენისა და კულტურული თითმყოფადობის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით, საკვირაო სკოლებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. როგორც მან აღინიშნა, საკვირაო სკოლის გახსნა კვიპროსში 3 მარტსაა დაგეგმილი. მიხეილ ნინუას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა მოამზადა. ეს პროგრამა, ქართული ენის კურსის ფარგლებში, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დიასპორის წარმომადგენლებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმიმართა. მინისტრის მოადგილემ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მოქალაქეობის, საზღვარგარეთ ლეგალური ცხოვრებისა და დასაქმების, განათლების თემებზე მიაწოდა.

















