საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლესოტოს სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო
ურთიერთობათა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციებისპირველი რაუნდი გაიმართა.ქართული მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ლესოტოს მხრიდან - ლესოტოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე, ლესოტოს პარლამენტის წევრი, ჰალებონე სეცები ხელმძღვანელობდა.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ლესოტოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი ასპექტები, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და გზები, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის პარალელურად, ლესოტოს მთავრობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური რეფორმების განხორციელების გეგმას ეძღვნებოდა. შესაბამისად, კონსულტაციების დროს, ქართულმა მხარემ საერთაშორისო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების შესახებ, ხოლო ლესოტოს მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება რეფორმების განხორციელების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების და პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი და შეთანხმდნენ ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებაზე ურთიერთობების ყველა სფეროში.

















